ბავშვთან გატარებული დრო

საბავშვო მულტივიტამინი

ხშირად მშობლები თავს დამნაშავედ გრძნობენ. ყოფნით თუ არა ბავშვებს ის დრო რისი დათმობაც ჩვენ მათთვის შეგვიძლია? როგორ მივცეთ ბავშვეს ყველაფერი მნიშვნელოვანი შეზღუდული დროის პირობებში?

რატომ ჭირდებათ ბავშვებს ჩვენი დრო?

ბავშვებისთვის აუცილებელია მშობლებთან ურთიერთობა, მხოლოდ მათთან ურთიერთობის შედეგად ბავშვს უჩნდება უსაფრთხოების და ნდობის გრძნობა საკუთარი თავის და სხვა ადამიანების მიმართ. სულ პატარა ბავშვებს ჭირდებათ რომ ისინი ხელით ატარონ, ჩაეხუტონ, შედარებით დიდებს კი, ჭირდებათ რომ მათ უყურებდნენ, უსმენდნენ და უყვარდეთ ისინი, ეს ეხმარება ბავშვებს თავისი „მე“ -ს გაცნობიერებაში. დრო, რომელსაც ჩვენს შვილებს ვუთმობთ, ამყარებს ბავშვების რწმენას საკუთარი თავის მიმართ და აძლევს მათ ზრდის საშუალებას.

ჩვენი იქ ყოფნით წახალისებულები, ისინი იკვლევენ გარე სამყაროს, აკეთებენ პატარა აღმოჩენებს და სწავლობენ დამოუკიდებლობას. ყურადღება, რომელსაც ჩვენ ვუთმობთ არის მომავალში მათი ავტონომიის გარანტი. ეს არ ნიშნავს რომ საჭიროა მთელი დრო მათ განკარგულებაში ვიყოთ ან დავუთმოთ ყველაფერი და შევუსრულოთ ყველა სურვილი. ჩვენი როლი მდგომარეობს იმაში რომ გავავლოთ საზღვრები, დავეხმაროთ მათ დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ იმედგაცრუებას, ვასწავლოთ მოთმინება და შეუპოვრობა. ეს ყველაფერი კი დროს მოითხოვს.


რა ხდება როცა ბავშვს ვენატრებით?

ისინი განიცდიან უჩვენობას და უჩნდებათ მიტოვებულობის განცდა. ზოგჯერ იმასაც კი ფიქრობენ რომ  მათი ბრალია რომ მშობელი იშვიათად არის მათთან, ასეთი განცდები იწვევს საკუთარი თავის რწმენის დაკარგვას და შეიძლება იქცეს ბავშვთა დეპრესიის საფუძვლად. არის თუ არა ზღვარი, რის მიღმაც ბავშვი გრძნობს თავს მიტოვებულად? ბავშვთან ყოფნის ერთი საათი დღეში არ არის საკმარისი, მაგრამ ერთად გატარებული დროის რაოდენობა უნდა ემთხვეოდეს ამ დროის ხარისხს.

თუ ბავშვს უჭირს, მშობლების ყურადღების მიპყრობას ცუდი საქციელით ეცდება. ასეთ დროს პატარა ბავშვები ხდებიან მომაბეზრებლები, აგრესიულები, მომთხოვნები. შედარებით მოზრდილი ბავშვი იკეტება საკუთარ თავში, წყვეტს მშობლებთან კონტაქტს, არ ეკითხება და არ სთხოვს მათ არაფერს. ასეთი ქცევა არ უნდა აღვიქვათ კაპრიზად ან ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილად, ეს ქცევა მეტყველებს იმაზე, რომ ბავშვს არ ყოფნის ემოციური კონტაქტი მასთან, ვინც მასზე დიდია და ვისაც ის უპირობოდ უყვარს. ყველა ბავშვს ჭირდება რომ დრო და დრო ჩვენგან მიიღონ იმის მტკიცებულება, რომ მათ ჩვენს გულში საკუთარი ადგილი უჭირავთ. საქმე იმაში არაა რომ გააორმაგოთ ურთიერთობის დრო, მაგრამ საჭიროა იყოთ ნამდვილად ბავშვთან , როცა მასთან ხართ, უსმინოთ, უყუროთ, ელაპარაკოთ.

რას ნიშნავს ბავშვის გვერდით ყოფნა?

ეს არ ნიშნავს უბრალოდ ფიზიკურ გვერდით ყოფნას და თვალყურის დევნებას. ეს ნიშნავს ბავშვთან ხარისხიანი ურთიერთობის აწყობას. ბავშვები ძალიან აფასებენ როცა მშობლები მათთან ერთად აკეთებენ რამე საინტერესოს: თამაშობენ, კითხულობენ, უყურებენ მულტფილმს. როცა დიდები მათ ემოციებს იზიარებენ: უხარიათ, უკვირთ, გული წყდებათ, და იზიარებენ მათ ბავშვურ მოთხოვნილებებს, საქმიანობებს, გატაცებებს. პარადოქსი იმაშია, რომ ასეთი ხარისხიანი ურთიერთობა ეხმარება ბავშვს გადაიტანოს მშობლებთან განშორება, როცა ისინი ან სხვაგან არიან, ან სამსახურში არიან, ან როცა ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

როცა ბავშვს ტოვებთ რამდენიმე საათით ან რამდენიმე დღით , ყოველ ჯერზე უნდა აუხსნათ განშორების მიზეზი და დაუთქვათ შეხვედრის დრო(თუნდაც ეს იყოს განუსაზღვრელი „მალე“). ბავშვებს უნდა უთხრათ სიმართლე, ადაპტირებული მათ აღქმასთან.

ხშირად მშობლები ფიზიკურად ბავშვებთან არიან ფსიქოლოგიურად კი... ისინი არ არიან ბავშვის გვერდით. ყველა ადამიანს უწევს ზოგჯერ იყოს დაღლილი, გაღიზიანებული, დეპრესიული, ასეთ დროს გვიჭირს ყურადღება დავუთმოთ ბავშვებს, მოვუსმინოთ როცა მათ ეს ჭირდებათ. ეცადეთ არ იყოთ ბავშვებთან სანახევროდ. ასეთ დროს უნდა აუხსნათ მათ, რას უნდა მოელოდნენ ჩვენგან. მაგ: „მე არ გამომდის ახლა კარგად შენი მოსმენა(დაკავებული ვარ/ცუდად ვარ/მოწყენილი ვარ), მაგრამ მოგისმენ, როგორც კი შევძლებ“. ასე გამოხატავთ თქვენს ინტერესს და ზრუნვას მისდამი, რაც ბავშვს მისცემს ძალას მოითმინოს.

როგორ მოვახდინოთ ყურადღების კონცენტრირება?

როცა ვუსმენთ საკუთარ თავს და მიზეზებს, რომელთა გამოც არ შეგვიძლია ბავშვთან ყოფნა ვხდებით მეტად ყურადღებიანი. რა არის ეს - დაღლილობა? ან შეიძლება ეს დანაშაულის გრძნობის ბრალია. ჩვენ ვერ ვუთმობთ ბავშვებს იმდენ ყურადღებას, რამდენსაც ისინი მოელიან ჩვენგან, არ შეგვიძლია იმის მიცემა, რამდენის მიცემაც გვსურს. ჩვენ ყველას გვინდა ვიყოთ იდეალური მშობლები, მაგრამ იდეალური მშობლები არ არსებობენ! ისევე როგორც არ არსებობენ იდეალური ბავშვები! დანაშაულის გრძნობა ამ შემთხვევაში უადგილოა, ის გვჭამს შიგნიდან, ემოციურად გვტვირთავს, ხელს გვიშლის ადექვატურად ვეურთიერთოთ ბავშვს. საკუთარ თავს უნდა მივცეთ უფლება ვიყოთ უბრალოდ კარგი მშობლები, ეს ნიშნავს ვუთხრათ საკუთარ თავს: კი, მე არ ვარ სრულყოფილი, მაგრამ მე მიყვარს ჩემი შვილი როგორც შემიძლია, მე ბევრს ვსწავლობ მისგან და ვხდები უფრო ბრძენი.

ან შეიძლება გვაოცებს ბავშვის გამოხტომები, მისი ცრემლები ან ბრაზი. ასეთ შემთხვევაში მისთვის დროის დათმობა და მოსმენა აუცილებელია, რათა ვიპოვოთ ამ საქციელის მიზეზი. შეწყვიტეთ თქვენი საქმიანობა, დაეშვით მუხლებზე, რომ იყოთ მის სიმაღლეზე, მოკიდეთ ხელი, ჩახედეთ თვალებში ეს ყველაფერი დაეხმარება სიტუაციის შემსუბუქებას, როცა ბავშვი იგრძნობს რომ უსმენენ უკეთ შეძლებს საკუთარი სურვილების გამოხატვას.

რა გავაკეთოთ ბავშვთან ერთად?

გამოდგება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ბავშვებს დაანახებს, რომ მათი არსებობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და მათთან ყოფნა სასიამოვნო. შეიძლება მიუძღვნათ დრო მათ განვითარებას: ერთად ითამაშოთ, დახატოთ, მოამზადოთ საშინაო დავალება. ასევე შეიძლება გააცნოთ ყველაფერს რაც მოგწონთ: მუსიკას, წიგნებს, სპორტს. ერთად გატარებული დრო არ არის აუცილებელი იყოს „სასარგებლო“ და „პროდუქტიული“ , ერთად გართობა და სიცილი შეიძლება იყოს უფრო სასარგებლო ვიდრე ვთქვათ ადრეულ ასაკში წერა-კითხვის სწავლა, ყველაფერი რაც გაერთიანებთ და გეხმარებათ დაისვენოთ ამავდროულად აძლიერებს თქვენს ურთიერთობას.

თუ დრო ძალიან ცოტა გაქვთ, შეიძლება ბავშვები ჩართოთ აუცილებელ საქმეებში: ერთად მოამზადოთ საჭმელი, ერთად იაროთ მაღაზიაში, ერთად დაალაგოთ სახლი, აჩვენოთ და განუვითაროთ სასარგებლო რჩევები, დაეყრდენით ამავდროულად მის გემოვნებას და ფანტაზიას. მანქანის სალონი, აბაზანა, მოსაცდელი ოთახი , - გამოიყენეთ ნებისმიერი შესაბამისი სივრცე აზრიანი საუბრებისთვის. თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება უთხრათ რომ თქვენს საქმეს უნდა მიხედოთ ახლა, რომ დროა ბავშვებმა დატოვონ მშობლები დიდების სამყაროში, ყველაფერს თავისი დრო აქვს.

Read 2234 times
საბავშვო მულტივიტამინი
158